აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ამის შესახებ რობერტ რედფილდმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ მე ვირუსოლოგი ვარ და მთელი ცხოვრება ვირუსების შესწავლას მივუძღვენი. მე არ მჯერა, რომ ვირუსი ღამურიდან ადამიანს გადაეცა და ამ მომენტში იქცა ერთ-ერთ ყველაზე გადამდებ ვირუსად კაცობრიობის ისტორიაში. ჯერ კიდევ ვვარაუდობ, რომ ყველაზე რეალური თეორიაა, რომ ის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ჩვეულებრივ, ბუნებრივ პირობებში ვირუსს გარკვეული დრო სჭირდება, რათა ის ეფექტურად გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს,"- აცხადებს რობერტ რედფილდი.
ამავე ინტერვიუში რედფილდმა გამოთქვა ვარაუდი, რომ კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის შემოდგომიდან გავრცელდა.
"ჩემი შეგრძნებაა, რომ კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის შემოდგომიდან გავრცელდა, ეს ჩემი მოსაზრებაა," - განაცხადა ვირუსოლოგმა.
რედფილდს არ წარმოუდგენია ან დაუსახელებია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა თეორიას, რომ კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.