04 სექტემბერი 2026,   08:17
ვრცლად
ამაზრზენია მამა ანდრიას მოღვაწეობა ბოლო 2 წლის განმავლობაში - მიტროპოლიტი ნიკოლოზი ანდრია სარიაზე

საპატრიარქოში დღეს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ განცხადებები შეხვედრის შემდეგ გაკეთდება. სხდომას პატრიარქის მოსაყდრე შიო უხელმძღვანელებს.

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც კომისიის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელებენ, მამა ანდრიას (სარია) საკითხი და მის მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებებია.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მამა ანდრიას (სარია) მოღვაწეობას კრიტიკულად აფასებს.

"სხვადასხვა ხარისხის დასასჯელი არსებობს და გარდა გაკეთებული განცხადებებისა, კომისია სწორედ იკვლევს მის სხვა ქმედებებსაც, რომლებიც ახლა მე და თქვენ ამ წუთას არ ვიცით. კომისია იმსჯელებს ამ საკითხზე, გამოაქვეყნებს თავის დასკვნას და ამის შემდეგ ვნახოთ, იმიტომ, რომ პირდაპირ განკვეთა შეიძლება არ იყოს აუცილებელი.

ამაზრზენია მისი მოღვაწეობა ბოლო 2 წლის განმავლობაში, მოღვაწეობა ბრჭყალებში, რა თქმა უნდა," - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

დეკანოზი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ კომისიის დღევანდელ შეხვედრაზე იქნება ამ და სხვა საკითხებზე მსჯელობა, ხოლო გადაწყვეტილებები დღევანდელ შეხვედრაზე არ მიიღება.

"შეხვედრა შედგება კომისიის ფორმატში. მამა ანდრიამ განაცხადა, რომ ის დღეს ვერ შეძლებს კომისიის ფორმატზე მოსვლას, ასე რომ კომისია შემდეგ შეიკრიბება მამა ანდრიას საკითხთან დაკავშირებით. ყველა საკითხს განვიხილავთ, უბრალოდ გადაწყვეტილებები არ იქნება არაფერთან დაკავშირებით მიღებული, რაც მამა ანდრიას ეხება. მამა ანდრიამ მოგვცა პირობა, რომ სხვა დღეს შეძლებს მოსვლას. კომისია არის მუშა ჯგუფი, რომელიც სწავლობს საკითხს," - აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი.

დღეს 15 საათზე საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიის სხდომა დაინიშნა - მთავარი თემა მღვდელმონაზონ ანდრია (სარიას) ბოლო დროინდელი საჯარო განცხადებებია. რა გახდა მღვდელმონაზვნის საკითხის განხილვის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები