კორონავირუსით რეინფიცირების 140 საეჭვო შემთხვევა საქართველოში - ამ დროისთვის ქვეყანაში "ბრიტანული შტამის" 70-ზე მეტი შემთხვევაა. მათგან მარტო ერთ კლასტერში 19 ინფიცირებულია. კვლავ საფრთხილოა ზოგადად ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი.
სპეციალისტების რეკომენდაციას, რომ ახლა არ არის ყველა შეზღუდვის ერთიანად მოხსნის დრო, კიდევ უფრო მეტად ამყარებს ე.წ. ბრიტანული შტამის სავარაუდო შემთხვევების მომატებულ რაოდენობას.
ვირუსის ახალ ვარიანტს ახასიათებს გადაცემის მარტივი გზები - სპეციალისტები ამბობენ, რომ ე.წ. ბრიტანული შტამი იწვევს უფრო მეტ ლეტალურ შემთხვევებს და ჰოსპიტალიზაციის დროს ახანგრძლივებს. რაციონალური გამოსავალი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, არის სახელმწიფოს ზედამხედველობის გაძლიერება რეგულაციების კუთხით და საზოგადოების პასუხისმგებლობის წილი.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი ამბობს, რომ კლინიკაში ადგილების რაოდენობა თითქმის შევსებულია. იმისთვის, რომ დრამატულად არ გაიზრდოს ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევები, სპეციალისტები პირბადის ტარებაზე, დისტანციასა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
გაზრდილი შემთხვევების ფონზე მოხდება თუ არა ქალაქების თუ სოფლების იზოლირება, ამაზე გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს. დღეს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ იქ, სადაც არსებობს ვირუსის გავრცელების რისკები მოსახლეობის აქტიური ტესტირება დაიწყება.
არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პარალელურად, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. უკვე აცრილია 8 600 ადამიანი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ბოლო 3 დღეში იმუნიზაციის პროცესში ჩართვის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. დღეს რიგების მართვის მოდულში რეგისტრაციის ფანჯარა დამატებით Pfizer-ისთვის გაიხსნა და რამდენიმე საათში დარჩენილი 3 000 ადგილი უკვე შევსებულია.