04 სექტემბერი 2026,   08:55
ვრცლად
იძულებით მაგდებენ, არაადამიანურად იქცევიან, პასუხისმგებლობა პატრიარქს ეკისრება - მონაზვნებმა ღამე სხვა მონასტერში გაათენეს

ჭყონდიდის ეპარქიიდან გარიცხულმა მონაზვნებმა ღამე წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ნაცვლად სხვა მონასტერში გაათენეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნები მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიიდან დაითხოვა, ჯერჯერობით, დასჯილ მონაზვნებს გადაწყვეტილების შესაბამისი წერილი არ ჩაბარებიათ. ისინი არ აპირებენ დაემორჩილონ მიტროპოლიტის გადაწყვეტილებას.

"კურთხევა ავიღე სტუმარი წინაძღვრისგან, რომელიც არის დანიშნული დღეს არაკანონიერად და მართავს წმინდა ნინოს მონასტერს და მითხრა, რომ არაა პრობლემაო. ვისჯები იმის გამო, რომ ვცხოვრობ საეკლესიო კანონების მიხედვით და გული მტკივა და ვსაუბრობ იმ პრობლემებზე, რაც დღეს ხდება ეკლესიაში. იძულებით მაგდებენ, არაადამიანურად იქცევიან. პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება კათოლიკოს-პატრიარქს,"- აცხადებს მონაზონი სოსანა.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრიარქოს ირგვლივ აგორებული სკანდალის შემდეგ ეპარქიის მმართველობას ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჩამოაშორებს და ის ჯერ მიტროპოლიტი გრიგოლით, შემდეგ კი მიტროპოლიტი სტეფანეთი ჩაანაცვლეს. ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირთა ნაწილი პეტრე ცაავას მხარდაჭერას უცხადებს და საპატრიარქოსგან სიმართლის დადგენას ითხოვს, მათ შორის არის მონაზონი სოსანაც

დღის ამბები