მდინარე ენგურში დაღუპულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება. 3 ცხედრის აღმოჩენის შემდეგ მაშველები ახლა კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ. გარდაცვლილია ოკუპირებული გალის რაიონის 3 მკვიდრი, ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა გადაუდებელი საჭიროებისთვის ცდილობდნენ გადმოსვლას.
მათ შორის არის ცოლ-ქმარი, ასევე არის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები დარჩა და 60 წლამდე მამაკაცი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ერთი მამაკაცი, ენგურთან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
"შვილიშვილი შეეძინათ, ბავშვებისთვის საყიდლები ჰქონდათ და ამის ყიდვა უნდოდათ გაჭირვებულ ხალხს და არ დასცალდათ,“ - ამბობს გარდაცვლილების ახლობელი.
საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილების გამო, რომელსაც ერთ წელზე მეტია ხიდი ჩაკეტილი აქვს, მოქალაქეები იძულებული არიან, მდინარით და შემოვლითი გზებით ისარგებლონ, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ენგურის ხიდი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია, რამდენიმე კვირის წინ საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთის უფლება მხოლოდ პენსიონერებს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს მისცეს.