კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება - დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ. კინოთეატრები მუშაობას რეგულაციების დაცვით განაახლებენ, მათ საშუალება ექნებათ მაყურებლის არაუმეტეს 50 პროცენტი მიიღონ.
კინოდარბაზებს საქართველოში ფუნქციონირება 1 აპრილიდან, საბავშვო-გასართობ ცენტრებთან ერთად შეეძლოთ, თუმცა მათივე გადაწყვეტილებით, ობიექტების გახსნა ერთი კვირით გადაიდო.
"პირველი აპრილიდან ნებადართული იყო კინოჩვენება, თუმცა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების გამო დღეიდან განაახლებენ ფუნქციონირებას. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ ზაფხულში, ივლისში არის დადგენილი მათ მიმართ გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც არის ზოგადი ხასიათის პრევენციული და ის უზრუნველყოფს იმ რეკომენდაციების დაცვას თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის," - განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
კინოდარბაზებში შესვლა მაყურებელს გარკვეული რეგულაციების დაცვით შეეძლებათ.