16 აპრილი 2024,   21:27
ვრცლად
რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მძიმე შედეგი - 4 გარდაცვლილთაგან ერთს ოკუპირებულ ტერიტორიაზე  დღეს გადაასვენებენ

რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მძიმე შედეგი - 4 გარდაცვლილიდან ერთი, ახალგაზრდა ქალი გალში, საცხოვრებელ სახლში წუხელ გვიან ღამით გადაასვენეს. 60 წლამდე მამაკაცის ცხედარს კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ენგურს გაღმა, დღეს გადაასვენებენ.

რაც შეეხება კიდევ ორ გარდაცვლილს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, ისინი ზუგდიდში, საკუთარი ძმის სახლში არიან დასვენებულები და მათ გალში, სოფელ წარჩეში ხვალ გადაასვენებენ, თუმცა როგორც ოჯახის წევრებმა "კურიერთან" განაცხადეს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების უმრავლესობას არ ექნება საშუალება, რომ ისინი გალში გადავიდნენ და პატივი მიაგონ გარდაცვლილებს.

"გზა რომ იყოს გახსნილი ხალხისთვის, თავის კუთვნილ პენსიას ნორმალურად აიღებდა. გაიხსნას კოვიდ ცენტრები, სადაც შეიძლება ანალიზების გაკეთება, ხალხი რომ გადმოვიდეს, გაწყდა ჩვენი ხალხი. არც მთავრობისგან, არავისგან არანაირ ყურადღებას არ ითხოვენ, მარტო იმას ითხოვენ, რომ გადმოუშვან.

ხვალ გადაასვენებენ საკუთარ სახლში. ჩვენ ოჯახის წევრებს აქედან წასვლის უფლება არ გვაქვს. ჩვენ დავიღუპეთ, მაგრამ ჩვენს გარდა ხომ არის იქ ხალხი?!" - აცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრი.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ 4 ადამიანს ახლობლები და ოჯახის წევრები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. გუშინ შამგონაში, ე.წ. საზღვრისპირა სოფელში საოკუპაციო ხაზთან მდინარე ენგურმა ერთ-ერთი მათგანის ცხედარი გამორიყა, ორი კი მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს, მეოთხე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი კი მაშველებმა სოფელ ორსანტიაში იპოვეს.

ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ იძულებულები იყვნენ, რომ ალტერნატიული გზით, მდინარის გავლით და რისკის ფასად გადმოსულიყვნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან რუსული საოკუპაციო ძალების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეზღუდულია.

დღის ამბები