04 სექტემბერი 2026,   05:46
ვრცლად
გამოძიებას მივაწვდი ინფორმაციას იმ სტრუქტურების შესახებ, რომლებიც ჩემს გატაცებაში მონაწილეობდნენ - მუხთარლის გამოკითხვა დღეს გაგრძელდება

საქართველოში დაბრუნებული აფგან მუხთარლის გამოკითხვა პროკურატურაში დღეს გაგრძელდება. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თქმით, გუშინ უწყებაში კვალიფიციური თარგმანი ვერც ერთმა სპეციალისტმა ვერ უზრუნველყო.

აფგან მუხთარლის განცხადებით, ის მზადაა გამოძიებას სრულად მიაწოდოს ინფორმაცია და დაუსახელოს ყველა ის სტრუქტურა, რომელიც, მისი ინფორმაციით, მის გატაცებაში მონაწილეობდა. თუმცა მუხთარლი აცხადებს, რომ გამოძიების ნდობა არ აქვს.

"აზერბაიჯანული და თურქული ენები ერთი შეხედვით ერთმანეთს ჰგავს, თუმცა მათ შორის დიდი სხვაობაა. შესაბამისად, მოვითხოვეთ ახალი თარჯიმანი. როგორც გითხარით, გამოძიებას მივაწვდი ინფორმაციას იმ სტრუქტურების შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩემს გატაცებაში. ამის გაკეთება ივანიშვილისა და კვირიკაშვილის გარეშე შეუძლებელი გახდებოდა, თუმცა ეს ჩემი მოსაზრებაა. რაც შეეხება გამოძიებას, მისი იმედი არ მაქვს, უბრალოდ, ეს იურიდიულად აუცილებელი პროცედურაა. ველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას," - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

მისი ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, მზადაა გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლოს.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება საქართველოში მუხთარლის გატაცების საქმეზე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს. შემდეგ ის საზღვრის უკანონო კვეთის და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით აზერბაიჯანში ციხეში აღმოჩნდა. მიუსაჯეს 6 წლიანი პატიმრობა, თუმცა საპატიმრო 2020 წლის მარტში დატოვა.

დღის ამბები