ერთ საათში რიონის ხეობაში აქტივისტები საპროტესტო აქციას და გამოსვლებს დაიწყებენ. ამ დრომდე მათ გზა მანქანებით გადაკეტილი აქვთ. ისინი ითხოვენ ალტერნატიულ ფართს კარვების გასაშლელად. რამდენიმე მეტრში მათ პირისპირ სამართალდამცველები არიან. ახლა ამ გზაზე უკვე ვეღარავინ გადაადგილდება.
პოლიცია აქტივისტებს ფართს გუმათში სთავაზობს, თუმცა ეს ტერიტორია აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია. ისინი ნამახვანში შეშვებას ითხოვენ, საიდანაც, მდინარის ადიდების და ტერიტორიის დატბორვის საფრთხის გამო, გუშინ გამოიყვანეს.
პარალელურად, მდინარე რიონში ისევ გრძელდება სამძებრო სამაშველო ოპერაცია, მესამე დღეა, ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
"აქ იძულებით ვართ იმ თვალსაზრისით, რომ კარვები დაგვირბიეს გუშინ და იმ ადგილზე საერთოდ გადაადგილებაც აღარ შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ვგეგმავთ, რომ თბილისში ჩავატაროთ ფართომასშტაბიანი აქცია, მაგრამ ძირითადი ბრძოლის ხაზი გადის აქ, რადგან კომპანია მუშაობს აქ, აქ ნადგურდება ლანდშაფტი. ჩვენთვის ერთადერთი ბერკეტი ზეწოლისა იყო ის, რომ ხელი შეგვეშალა კომპანიის მუშაობისთვის და გამოსულიყო ხელისუფლება და ეპასუხა ყველა იმ მნიშვნელოვან კითხვაზე, რა კითხვასაც ჩვენ მათ ვუსვამთ და მნიშვნელოვანია ჩვენი აქ დგომა," - აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.