25 აპრილი 2024,   04:38
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების გამო ფოთის სკოლებში შეზღუდვები წესდება

ფოთში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო მე-12 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა, მე-7 სკოლაში კი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა.

საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა ქორქიას თქმით, სკოლებში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. მისივე თქმით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით შემდგომი განსახორციელებელი ღონისძიებები განათლების სამინისტროსთან შეთანხმებითა და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე დაიგეგმება.

"მესამე საჯარო სკოლაში კორონავირუსი ხელმძღვანელს და სამ მოსწავლეს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მხოლოდ ის კლასები გადავიყვანეთ ონლაინსწავლებაზე, სადაც ინფიცირებული ბავშვები არიან და სადაც ასწავლიდა ეს ხელმძღვანელი. საუბარია მე-5, მე-6 და მე-9 კლასებზე. დღევანდელი მდგომარეობით სულ 7 სკოლაშია წერტილოვანი შეზღუდვები და მხოლოდ მე-12 საჯარო სკოლა არის სრულად დისტანციური სწავლების ფორმატში, სადაც ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა, რომელიც თითქმის ყველა კლასს ასწავლის და აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ სკოლა ორი კვირის ვადით, 26 აპრილამდე გადაგვეყვანა დისტანციურ სწავლებაზე.

ზოგადად სკოლებში მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა, მაგრამ დინამიკაში გადავხედავთ, თუ რა სურათი გვექნება ხვალ და შემდეგ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, განათლების სამინისტროს მივმართავთ შუამდგომლობით, თუ როგორ დავაორგანიზოთ სასწავლო პროცესები ქალაქის სკოლებში,"- განაცახდა გოჩა ქორქიამ.

დღის ამბები