ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იუსტიციის სამინისტროს წერილობით მიმართავს და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს. "კურიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომაც დაადასტურა.
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის მოქალაქეცაა. საქართველოს კანონმდებლობით, მაშინ, როდესაც პიროვნება სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, ის ინარჩუნებს სტატუსს იქამდე, სანამ მოქალაქეობას ქართული მხარე არ გაუუქმებს. რა გახდა მისი მოთხოვნის საფუძველი, უცნობია. ზურაბ ადეიშვილის განაცხადს კონსტიტუციის შესაბამისს უწოდებენ მისი ყოფილი თანაგუნდელები.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება და ამ გზით ადეიშვილი სამართლებრივ პასუხისმგებლობას გაურბის.
ე.წ. რობაქიძის საქმე, ე.წ. ციხის კადრები, ტელეკომპანია "იმედის" და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევა - ეს იმ საქმეების ჩამონათვალია, რომლებშიც ზურაბ ადეიშვილს ბრალი აქვს წაყენებული. გარდა ამისა, ყოფილ მაღალჩინოსანს დაუსწრებლად უკვე მისჯილი აქვს 4 საქმეზე, მათ შორისაა ტელეკომპანია "იბერიისა" და ბანკი "ქართუს" საქმეც.
დაკმაყოფილდება თუ არა ყოფილი თანამდებობის პირის მოთხოვნა, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში გახდება ცნობილი.