პროტესტს ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. აქტივისტები პოლიციას და სასამართლოს მანდატურებს სასამართლოს ეზოში ხმის გამაძლიერებლის შეტანის აკრძალვის გამო დაუპირისპირდნენ.
უთანხმოება რამდენიმე წუთში ამოიწურა ისე, რომ მას დაკავებები არ მოჰყოლია. სასამართლოს შენობის შესასვლელს პოლიციის და მანდატურების ცოცხალი ჯაჭვი იცავდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ნიკა მელიას ახალგაზრდა მხარდამჭერები - FOX-ები, იგივე მელიები.
სამოქალაქო აქტივისტების გარდა, ყურადღების ცენტრში იყო ნიკა მელიას მამა ანზორ მელიაც.
მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას მხარდამჭერების მოლოდინი არ გამართლდა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მოსამართლის გადაწყვეტილებით კვლავ პატიმრობაში დარჩა, ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებდნენ, რომ ეს ფაქტი პოლიტიკური კრიზისის დიალოგის გზით მოგვარების შანსებს ამცირებს.
იმ ფონზე, რომ ოპოზიცია ქუჩის პროტესტის გამწვავებას აანონსებს, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, ოპონენტებთან მოლაპარაკებების იმედი კვლავ აქვთ. ამასთან, "ქართული ოცნების" წევრებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით არა ხელისუფლება, არამედ უშუალოდ ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები ვაჭრობენ.