საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ავღანეთის მისიაში მონაწილე სამხედროებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, პარტნიორებთან ერთად კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა განაგრძოს.
“ქართულმა ჯარმა ავღანეთის მისიაში საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა როგორც მტკიცე და ძლიერი მეკავშირე. შესაბამისად, საქართველო, როგორც ღირსეული და პასუხისმგებლიანი პარტნიორი ქვეყანა, შეთანხმებული გრაფიკით, მის ქვედანაყოფებსაც გამოიყვანს ავღანეთიდან.
საქართველოს თავდაცვის ძალებმა, 2004 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა, რომ მის რიგებში საიმედო და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე სამხედროები არიან. თითოეულ ქართველს ეამაყება წლების მანძილზე ის შეფასებები, რაც ხშირად მოგვისმენია ნატოს მაღალი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირების მხრიდან.
მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ სამხედროს, რომელიც ამ მისიაში მონაწილეობდა და განსაკუთრებული პატივი მივაგო იმ დაღუპულ გმირ მეომრებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს გლობალურ უსაფრთხოებას და მშვიდობას," - აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.
NATO-მ ავღანეთის მისიის ეტაპობრივად დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ნატოსთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ.