ნამახვანჰესთან დაკავშირებულ აქციაზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დაკავებული მოჭიდავის ფირუზ წულუკიძისა და მისი ძმის ახლობლები წულუკიძეების უდანაშაულობაზე საუბრობენ.
ახლობლის თქმით, მომხდარი პროვოკაციას უკავშირდება.
"მოგვიგზავნეს რამდენიმე პიროვნება, ანუ პროვოკატორები იყვნენ. მოვიდნენ და ფირუზა წულუკიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. იმ დროს მოხდა ადგილობრივების გაყვანა, იმ პროვოკატორების, გვითხრეს რომ პროვოკატორები არიან და არ აყვეთო. ქეთი ქობაურს, ჩვენს მეგობარ გოგოს მიაყენეს შეურაცხყოფა. ამ დროს რეზო წულუკიძემ უთხრა რას აკეთებთო და მოხდა გაწევ-გამოწევა. 6 ადამიანი არის დაკავებული, ორი მათგანი სრულიად უდანაშაულოდ არის დაკავებული," - აღნიშნა წულუკიძეების ახლობელმა.
ცნობისთვის, აჭარაში სამართალდამცავებმა 3 პირი - მოჭიდავე, ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა რევაზ წულუკიძე და ასევე ირაკლი ჭელიძე დააკავეს. ისინი საცხოვრებელი სახლებიდან აიყვანეს. მომხდარი ნამოხვანში, რამდენიმე დღის წინ აქციაზე მომხდარ პროვოკაციას უკავშირდება. დაკავებულებს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებათ.
ამასთან, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ აქციაზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით, ძმები წულუკიძეების გარდა კიდევ 4 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, გუმათჰესის დასახლებაში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.