ამ წუთებში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, იქ, სადაც დავით სარალიძის საქმეზე დაკავებული გიორგი მენაბდე იმყოფება, ადვოკატი და პროკურორი არიან შესულები. დაიწყო ბრალის წარდგენის პროცედურა. დეკანოზ შიო მენაბდის შვილი დანაშაულს არ აღიარებს. ის მანამდე გამოძიებას მოწმის სტატუსით ჰყავდა დაკითხული. დღეს უკვე გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. "კურიერის" ინფორმაციით, მენაბდის დაკავება საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენებას უკავშირდება.
დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დეტალებზე საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებს.
"არანაირი პოზიცია არ ჰქონდა, რადგან იმ ინფორმაციას, რომელსაც ავრცელებდა მაშინ, მოწმედ დაკითხვის დროს, იგივე შეხედულება აქვს დღეს. გამომდინარე იქიდან, რა საფუძველი აქვს ბრალის წარდგენას, ამას ვნახავთ. არავინ მალავდა, უბრალოდ დაუდგენელია ის პიროვნება, ვინც მიაყენა ეს დაზიანება. მსუბუქი იყო, მაგრამ ასე თუ ისე სახიფათო. არ ვიცი ვის ჩვენებას უკავშირდება, მაგრამ, ცხადია, ვინც იქ იყო, იმათ ჩვენებას თუ დაუკავშირდება,"- აცხადებს გიორგი მენაბდის ადვოკატი დავით დადიანი.
დავით სარალიძის საქმეზე მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატი თემის გააქტიურებას გიორგი გახარიას მმართველი გუნდიდან წასვლას უკავშირებს.
"დღეს ეს გადაწყვეტილება, გიორგი მენაბდეს ნაწილში, მიმაჩნია, რომ პოლიტიზირებული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებაა, რადგან, სავარაუდოდ, ძალიან მაღალი ინტერესია გიორგი გახარიას მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, სარალიძის საქმის ხელახალ გამოძიება, ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და მის მიერ მიღებული რეკომენდაციები მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ, იყო პირდაპირ პოლიტიზირებული გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" გუნდიდან "ამოხტა" გიორგი გახარია, სავარაუდოდ, "ქართულ ოცნებაში" დარჩენილებს მის სამართავად სურთ ამ არგუმენტის გამოყენება და წაყენება პირდაპირი ბრალდებისა იმის თაობაზე, თუ როგორ დაალაგა მან სარალიძის კონფლიქტი,"-აცხადებს ადვოკატი ზურაბ თოდუა.