02 მაისი 2024,   16:52
ვრცლად
ეს დოკუმენტი არის შანსი, პასუხი ვაგებინოთ "ოცნებას" - "სირცხვილია" მხარეებს შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებს

მოძრაობა "სირცხვილია" ხელისუფლებას და ოპოზიციას შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

მოძრაობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება, თუმცა ეს არ ათავისუფლებს ოპოზიციას პროცესში გარდატეხის შეტანის პასუხისმგებლობისგან.

"შეთანხმება, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების გულშემატკივრები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გვთავაზობენ, ამ მომენტში, კრიზისის დაძლევის ოპტიმალური საშუალებაა. განახლებულ დოკუმენტში გაწერილია აღსრულების ვადები და გზები. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებას არ რჩება მორიგი "ტრიუკის" დადგმისა და გადაბრალების შესაძლებლობა. თუ ხელისუფლება რომელიმე აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებს, ბოიკოტის გაგრძელებასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აღარც შინ იარსებებს და აღარც გარეთ.

ეს დოკუმენტი არის შანსი, პასუხი ვაგებინოთ "ქართულ ოცნებას" იმისთვის, რომ დამოუკიდებელ პროკურატურასა და სასამართლოს, თავისუფალ არჩევნებს და დემოკრატიული ქვეყნის სხვა უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს "კომპრომისად" განიხილავს. ოპოზიციას კი ეკისრება პასუხისმგებლობა, იბრძოლოს ვადამდელი არჩევნებისთვის თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვების გზით და თან დაამტკიცოს, რომ მისთვის ძალაუფლების დანაწილება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალაუფლება", — აცხადებენ მოძრაობაში.

ამასთან, "სირცხვილიას" პოზიციაა, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საჯარო მოხელეების მიერ.

"უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალის გამოყენებით დაარბია და დაასახიჩრა დემონსტრანტები და ის, ვინც ამის ბრძანება გასცა. შეთანხმება არ ითვალისწინებს ამნისტიის კონკრეტულ მუხლებს, ამიტომ ეს ნაწილი პარლამენტმა უნდა დაადგინოს, რა პროცესშიც ოპოზიცია უკომპრომისო უნდა იყოს,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები