04 სექტემბერი 2026,   01:07
ვრცლად
"ლეზბიანკების ადგილი აქ არ არის" - "თბილისის პრაიდის" წევრი ლგბტ წყვილზე თავდასხმის დეტალებზე საუბრობს

თბილისში ლგბტ წყვილზე თავდამსხმელი დაკავებულია. ის 35 წლამდე მამაკაცია.

"კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვანს, რომლის თანდასწრებითაც მოხდა თავდასხმა, უკვე ჩაუტარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ლგბტ წყვილი კი საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად ცნო.

ამასთან, "თბილისის პრაიდის" წევრი ლგბტ წყვილზე თავდასხმის დეტალებზე საუბრობს.

"დახვდა მეზობელი, რომელიც სავარაუდოდ იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და დაუწყო მათ გინება - წაეთრიეთ აქედან, ლეზბიანკების ადგილი აქ არ არის და სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა.

მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთოს ცუდად მოტივირებული დანაშაული, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა და მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ინტერესები იყოს დაცული და თავიდან იქნას აცილებული  ხელახალი ვიქტიმიზაცია მსხვერპლების, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ უწევთ სისტემასთან შეხება," - აღნიშნა ლგბტ ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება "თბილისის პრაიდის" წევრმა გიორგი თაბაგარმა.

დაკავებული მამაკაცი არასრულწლოვნის თანდასწრებით ლესბოსელ წყვილს ცივი იარაღით ემუქრებოდა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მამაკაცი დაკავებულია. ინფორმაციას "თბილისი პრაიდი" ავრცელებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, თავდასხმის მოტივიც სწორედ ის გახდა რომ ერთ-ერთი დაზარალებული "პრაიდში" მუშაობს.

 

ავტორი: თამარ თათარაშვილი

დღის ამბები