ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის ზაზა წერეთლის განცხადებით, კორონავირუსის ბრიტანული შტამის წინააღმდეგ სამი ვაქცინის - AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Moderna-ს ეფექტურობა გამოკვლეული და დამტკიცებულია.
როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ახლა ცდები მიმდინარეობს სხვა ახალ შტამებთან მიმართებაში, როგორიცაა, მაგალითად ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამები.
"არის კვლევები ჩატარებული და დადასტურებული, რომ სამი ვაქცინა - AstraZeneca, Pfizer-ი და Moderna ეფექტურია ბრიტანული შტამის წინააღმდეგ. ეს ეფექტურობა არის 70-დან 80%-მდე, გააჩნია ვაქცინას, თუმცა, სამივე ნამდვილად ეფექტურია.
ახლა რაზეც მუშაობენ ვაქცინის მწარმოებლები, არის ის, რომ დააკვირდნენ, რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინა ახალ შტამებთან, როგორიც არის ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული, თუმცა, ბრიტანულ შტამთან დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რადგან ყველა კვლევა, რომელიც ჩატარდა, ტარდებოდა იმ პერიოდში, როცა ბრიტანული შტამი იყო გავრცელებული ევროპაში და ყველა მათგანმა აჩვენა, რომ ეს სამივე ვაქცინა ეფექტურია ამ შტამის წინააღმდეგ,"- განაცხადა ზაზა წერეთელმა.