ჭყონდიდის ეპარქია მორიგი დაპირისპირების მოლოდინშია - ბზობის დღესასწაულზე დასასწრებად მრევლს სალხინოში ჩასვლისკენ მოუწოდა მიტროპოლიტმა სტეფანემ, მის მიერ დასჯილი სასულიერო პირები კი მიიჩნევენ, რომ ეს ხმაურის მიზეზი გახდება.
"პირადად მე, პატრიარქს ვაკისრებ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას, რომ მეუფე სტეფანე მარტვილში წირვას განერიდოს. აქ შელაპარაკებები და დაპირისპირება შესაძლოა მოხდეს, დაზღვეული არავინ არის," - განაცხადა სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა დანიელმა.
დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ისევ შეხვდნენ, თუმცა, შერიგება ამჯერადაც არ შედგა.
შეუთანხმებლობის მიუხედავად, მეუფე სტეფანემ დღეს უარი თქვა მის მიერ წინასწარ დაანონსებულ სადამსჯელო ღონისძიებაზე და სამი სასულიერო პირის განკვეთისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.