ციხის კარი რომ უნდა გაიღოს ნიკა მელიასთვის - ამის გარანტი დასავლეთი და მისი მედიაციით მომზადებული დოკუმენტია. თუმცა, რომელი გასაღებით, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.
პატიმარი გირაოს არავისგან იღებს, მათ შორის არც ევროკავშირისგან. მელიასთვის ისეთი ამნისტიაც მიუღებელია, რომელიც მასთან ერთად ციხის კარს, კანონდამრღვევ სამართალდამცველებსაც გაუღებს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თანხმობას მხოლოდ ევროპარლამენტარების თავდებობაზე აცხადებს.
რა ჩაიწერება ამნისტიის კანონში - ამის შესახებ ოპოზიციამ და უმრავლესობამ პოზიციები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მასპინძლის გარეშე გაცვალეს. არ გამორიცხავენ ორი კანონპროექტის ინიცირებასაც, თუმცა, საბოლოოდ, პოზიციების დაახლოების იმედი აქვთ.
საერთაშორისო წამზომი ჩართულია. ვადები მკაცრად და მკაფიოდ გაიწერა. ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირებისთვის მედიატორებმა შეთნხმების ხელმოწერიდან ერთი კვირა განსაზღვრეს. ოპონენტებმა დოკუმენტს ხელი 19 აპრილს მოაწერეს.