03 სექტემბერი 2026,   13:44
ვრცლად
"ეს ანარქისტი ანანია, შეჩერებული დიაკონი..." - ჭყონდიდის ეპარქიაში ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციამ გამოკითხა

ფიზიკური დაპირისპირება ბზობის დღესასწაულზე - ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. მარტვილის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები რამდენიმე საათი გაგრძელდა. გამოკითხულთა შორის იყო, დიაკვანი ანანია კალანდია, რომელიც მისივე თქმით, ერთ-ერთი დაზარალებულია.

დიაკვანი ანანია კალანდია ამბობს, რომ ის არავის დასჯას არ ითხოვს, უბრალოდ აინტერესებს რის გამო გაიმეტეს. განსხვავებული მოსაზრება აქვს მეორე მხარეს, ადვოკატი როლანდ შონია, პროვოკაციის მოწყობაში თავად ანანია კალანდიას და მის თანამოაზრეებს ადანაშაულებს:

"ეს ანარქისტი ანანია, შეჩერებული დიაკონი ინტერვიუს იძლეოდა, რომ მივედი ეპისკოპოსთან რომ მეთხოვა დაეტოვებინა ტერიტორიაო, წარმოიდგინეთ რა თავხედობაა თავსი საყდარში არ უშვებ ეპისკოპოსს," - განაცხადა როლანდ შონიამ.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დაწყება ეპარქიის მმართველის ცვლილებას უკავშირდება, ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდმა დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში დაადანაშაულა და ეპარქიის მმართველობა ჩამოართვა. პეტრე ცაავას მხარდამჭერები გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და საპატრიარქოსგან ითხოვენ, რომ ან პეტრე ცაავას დანაშაული დაამტკიცონ, ანდა ის ეპარქიაში დააბრუნონ.

ეპარქიის ახალ მმართველს სტეფანე კალაიჯიშვილს სასულიერო პირების ნაწილი არ ემორჩილება და მას უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ბზობის საზეიმო აღნიშვნა სალხინოში გუშინ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ნაცემია რამდენიმე სასულიერო პირი - ერთს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ფიზიკურად გაუსწორდნენ მრევლსაც. ვითარების განმუხტვა ვერც პოლიციამ შეძლო.

დღის ამბები