"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ვერსიებს შორის არანაირი პრინციპული განსხვავება არ არის.
როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ამნისტიის ორივე კანონპროექტით უზრუნველყოფილია ის, რომ ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებმაც განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების დანაშაული ჩაიდინეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მოძალადე ნიკა მელიას მაინც შეიწყალებს.
"გუშინ გვქონდა ჩვენ განხილვა ამ კანონის და არსებითად, პოზიციები არის ერთგვაროვანი, თუმცა იქ ჩანდა, რომ ოპოზიციონერების გარკვეულ ნაწილს ერთგვარი თვითმიზანი ჰქონდათ, რომ არ მოქცეულიყო შეთანხმება ერთიან კანონპროექტთან დაკავშირებით, თორემ, რეალურად, არანაირი პრინციპული განსხვავება ორ კანონპროექტს შორის არ არის. ერთიც და მეორეც ითვალისწინებს რეალურად ყველა იმ საქმის ამნისტირებას, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისის პოლიტიკურ მოვლენებთან და ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენს კანონპროექტშიც და მათ კანონპროექტშიც უზრუნველყოფილია ის, რომ ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებმაც განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების დანაშაული ჩაიდინეს.
რაც შეეხება ნიკა მელიას, მას ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან. რაც შეეხება გირაოს და ამნისტიას, ორივესთან დაკავშირებით ეს არის მელიას გადასაწყვეტი. მელიას შეუძლია მიიღოს ამნისტიის კანონი ან შეუძლია არ მიიღოს. თუ მელია არ დაეთანხმება გირაოს, მასზე ამნისტიის კანონი არ გავრცელდება.
ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, შეუძლია შემოვიდეს, ან შეუძლია არ შემოვიდეს პარლამენტში, ეს მისი გადასაწყვეტია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.