13 მაისი 2024,   08:30
ვრცლად
ასპინძაში მწყემსებს შორის სისხლიანი გარჩევა ყოფილი დეპუტატის ოჯახის კუთვნილ ფერმაში მოხდა

"კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ასპინძაში მწყემსებს შორის სისხლიანი გარჩევა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, რამაზ თედორაძის კუთვნილ ფერმაში მოხდა. 

37 წლის მამაკაცს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული - 1961 წელს დაბადებული ვ.კ პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.  

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე მწყემსს - 1983 წელს დაბადებულ ს.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მწყემსი მომხდარიდან მალევე, ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის: რამაზ თედორაძე, რომლის ოჯახის კუთვნილ ფერმაშიც მოხდა მკვლელობა, 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ასპინძის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია“. 

2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

ამავე თემაზე
დღის ამბები