პროკურორს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა არ გამორიცხა, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. მანამდე კი, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებას ედავება, რითიც საქართველოს ტერიტორიის ნაწილის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა. მაღალჩინოსნების დადგენის მიზნით, მიმდინარე გამოძიებას რამდენიმე პოტენციური ბრალდებული უკვე ჰყავს.
დავით გარეჯის საქმის იმ ნაწილზე, რომელიც სასამართლოში განიხილება, დღეს პროკურატურის სამი მოწმე დაკითხეს. ჩვენება მისცეს აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ზურაბ გუმბერიძემ და მისმა ყოფილმა მრჩეველმა გელა დუმბაძემ. გაირკვა, რომ ორივე მათგანი საზღვრის დამდგენი ორმხრივი კომისიის ფარგლებში, ხელს აწერენ ოქმებს, რომლებიც ბაქოში შედგა. მოწმეები დელიმიტაციის და დემარკაციის კომისიის მაშინდელი წევრების მხრიდან სახელმწიფოს საზიანო მოქმედებას გამორიცხავენ.
დღეს პროცესზე მოწმეების ჩვენებებს როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეც საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ აფასებდნენ. პროკურორისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ სამივე მოწმემ დაადასტურა მელაშვილის და ილიჩოვას როლი კარტოგრაფიული მასალების შედგენაში. დაცვის მხარე კი, მსგავსი შინაარსის ჩვენებების შემდეგ, გამამართლებელ განაჩენს ელოდება.
მელაშვილს და ილიჩოვას პროკურატურა ზემდგომი პირების დავალებით, 2006-2007 წლებში, აზერბაიჯანთან საქართველოს საზიანოდ საზღვრების დადგენაში ადანაშაულებს. არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და პროკურატურას სასამართლო განხილვების გაჭიანურებაში სდებს ბრალს. მომდევნო სხდომა პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით, 18 ივლისს ჩატარდება.
ავტორი: ხათუნა გაგნიძე