გადაიხედება თუ არა კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული რეგულაციები, ამ კვირაში გახდება ცნობილი. სპეციალისტები ყურადღებას ე.წ. ინდურ შტამზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ამახვილებენ და საზოგადოებას რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.
ქვეყანაში ლაბორატორიულად ახალი შტამი ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, მედიკოსები სამომავლოდ არაფერს გამორიცხავენ.
"შედარებით მცირე რაოდენობითაა ახალი დადასტურებული შემთხვევა, თუმცა, 1000-მდე მაინც არის. ამასთან, მოიკლო გარდაცვალების შემთხვევებმაც. თუმცა, ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, რომ მოსახლეობამ ისევ არ დაიცვას ყველა ის რეგულაცია, რომელიც არის მოწოდებული.
მოსალოდნელია ინდური შტამი, რომელსაც უფრო მაღალი კონტაგიოზურობა ახასიათებს. ამჟამად, უმეტესობა არის ბრიტანული შტამი, ამასაც მეტი აქვს კონტაგიოზურობა, ვიდრე წინა შტამს და ამდენად, სერიოზული სიფრთხილე გვჭირდება,"- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის შეფასებით, ქვეყანა ამჟამად იმყოფება მესამე ფაზაში, რომელიც გაცილებით მძიმეა, ვიდრე ის ფაზები, რაც აქამდე გავიარეთ.
"დღევანდელი ეპიდსიტუაცია და დღევანდელი ციფრები არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მდგომარეობიდან გამოვედით, პირიქით - საშიშროებაა იმისი, რომ მოიმატოს ამ რაოდენობამ. რეალურად, ჩვენ ვართ მესამე ფაზაში, რომელიც არის უფრო მძიმე და რთული იმასთან მიმართებაში, რაც ჩვენ გავიარეთ.
ინდური შტამი ძალიან სწრაფად გადადის, ძალიან სწრაფად ვრცელდება. მისი მიმდინარეობა არ არის ძალიან რთული, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მკურნალობის მეთოდები არ არსებობს, იწვევს სიკვდილიანობის მაღალ რიცხვს,"- აცხადებს დევი ტაბიძე.