დმანისში მოსახლეობის ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი მაღაზიაში ე.წ. ნისიაზე უარის თქმა გახდა.
"ჩხუბი არაფრის გამო დაიწყო, პროდუქტის მაღაზიაში ნისიად სურდათ სპირტიანი სასმელი, რაზეც გამყიდველმა უარი უთხრა. ამაზე გაბრაზებულებმა მას აგინეს და ემუქრებოდნენ, შემდეგ მოხუც ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როცა კონფლიქტი დაიწყო, ცხელ ხაზზე დავრეკე და პოლიცია მაშინვე მოვიდა. პოლიციის დანახვაზე ისინი გაიქცნენ და ჩვენ გადაგვიყვანეს ჩვენების მისაცემად. ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ მაღაზიის უფროსმა ისევ პოლიციაში დარეკა და უთხრა, რომ ადგილზე ისევ დაპირისპირება იყო. მთელი განყოფილება მაღაზიისკენ წავიდა, იმედია ყველაფერს გამოიძიებენ,"- აცხადებს ადგილობრივი.
კიდევ ერთი ადგილობრივის ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის.
"ეს კონფლიქტი პირველი შემთხვევა არ არის - ორი მაღაზიის უფროსი ადრეც ნაცემი ჰყავთ, როცა ნისიას არ აძლევენ, ჯგუფურად მოდიან და ჩხუბს იწყებენ. როცა დაპირისპირება დაიწყო, პოლიცია მალევე მოვიდა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, თორემ ეს დაპირისპირებები არასდროს დამთავრდება,"- აცხადებს ადგილობრივი.
შეგახსენებთ, დმანისში მოსახლეობის ორ ჯუფს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დაპირისპირებული მხარეების ყველა წევრი პოლიციაში გუშინ დაკითხეს, გამოკითხვები დღესაც გრძელდებოდა, რა დროსაც დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო.
ხელჩართული ბრძოლის მიზეზი მაღაზიაში ე.წ. ნისიაზე უარის თქმა გახდა.