"ქვეყანაში სისხლის მომარაგების საკითხი პანდემიის პირველივე დღიდან იყო პრობლემური" - ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უწყება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, აქტიურად მუშაობს.
როგორც თამარ გაბუნიამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, მსგავსი პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთადერთი გამოსავალი აქტიური უანგარო დონაციაა.
"პანდემიის პირველივე დღიდან იყო განსაკუთრებით პრობლემური სისხლით მომარაგების საკითხი და ჯანდაცვის სამინისტრომ სხვა უწყებებსაც არაერთხელ მიმართა იმისთვის, რომ დონაციის პროცესი გააქტიურებული ყოფილიყო.
ახლა ეს მიმდინარე პროცესია და ჩვენ ამ ეტაპზეც აქტიურად ვმუშაობთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია დონორების მობილიზაციისთვის.
აქ გამოსავალი არის მეტად აქტიური დონაცია, ბუნებრივია საუბარია უანგარო დონაციაზე. არის დონორების დადგენილი ჯგუფი, არიან ახალი დონორები და ახლა აქტიური პროცესები მიმდინარეობს და ამ კონკრეტულ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი მწვავე ნაკლებობა, რომელიმე მიმართულებით სისხლის არ არის, მაგრამ ეს არის კიდევ ერთხელ ვიტყვი, მიმდინარე პროცესი და პანდემიამ ეს პროცესი გახადა პრობლემური. ასე რომ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს მეტი ძალისხმევა უწევს, რომ არც ერთი მიმართულებით დეფიციტი არ შეიქმნას," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.