19 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
სისხლის მარაგი სისხლის ბანკში თითქმის არ გაგვაჩნია - ლაშა გოგოლაძე

რა პრობლემები გააჩნია სისხლის ბანკს ამ ეტაპზე; არსებობს თუ არა იმ რაოდენობის სისხლი, რომ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდეს; რამდენად მწვავეა პრობლემური სისხლის ჯგუფების საკითხი - ნ.კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი ლაშა გოგოლაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ სისხლის მარაგი სისხლის ბანკს თითქმის არ გააჩნია.

ლაშა გოგოლაძის განმარტებით, სისხლის მარაგის პრობლემა განსაკუთრებით კოვიდპანდემიის შემდეგ გაჩნდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კოვიდგადატანილ პაციენტებს სისხლის გაცემა ინფიცირებიდან 60 დღის განმავლობაში ეკრძალებათ, ხოლო ვაქცინირებულებს - 90 დღის განმავლობაში. მისივე თქმით, პანდემიის პირობებში ნებისმიერი სისხლის ჯგუფი პრობლემურად ითვლება.

"დღეს არ არსებობს რომელიმე ჯგუფი, რომელიც პრობლემური არ არის, ნებისმიერი ჯგუფი ძალიან მნიშვნელოვანია და პრობლემატურია დღეს. სისხლის მარაგი სისხლის ბანკში თითქმის აბსოლუტურად არ გაგვაჩნია.

მინდა გითხრათ, რომ სანამ პანდემია დაიწყებოდა, საკმაოდ მაღალი დენადობა იყო დონორთა მაჩვენებლის, თუმცა პანდემიის პერიოდში ბუნებრივიც არის, რომ დონორთა რაოდენობა იკლებდა გარკვეული მიზეზების გამო.

ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ კოვიდინფექცია გადატანილი პაციენტები, რომლებიც დაახლოებით 60 დღის განმავლობაში ვერ შეძლებენ სისხლის გაცემას და ასევე ის ადამიანები, რომლებმაც უკვე გაიკეთეს ვაქცინა, 90 დღის განმავლობაში მათ არ აქვთ შესაძლებლობა სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩართვის," - განმარტა ლაშა გოგოლაძემ და მოქალაქეებს სისხლის უანგარო დონაციაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

დღის ამბები