25 ივნისი 2021,   18:10
ვრცლად
განგი კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ცხედრებით ივსება - იზრდება ახალი მომაკვდინებელი ვირუსების გავრცელების რისკი

მდინარე განგი კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ცხედრებით ივსება - სანაპიროზე, სადაც პოლიცია პატრულირებს, სამართალდამცველები ცხედრებს აგროვებენ და მდინარის ნაპირზე კრემაციას უტარებენ. ზოგიერთ ქალაქში კი, სადაც გარდაცვლილთა რიცხვს უკვე კრემატორიუმები ვეღარ იტევს, ცხედრებს პირდაპირ ქუჩებში წვავენ. 

უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ქვეყანაში ვერც პაციენტების ნაკადს უმკლავდებიან. მედიკოსებს ინფიცირებულებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა ღია სივრცეში უწევთ. მართალია, ინდოეთში გასულ კვირასთან შედარებით, ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები განახევრდა, თუმცა კვლავ მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში 4000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ინდური შტამის გავრცელების პარალელურად, იზრდება ახალი მომაკვდინებელი ვირუსების გავრცელების რისკი. ინდოეთის ჯანდაცვის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ კოვიდ-19-ის სტეროიდებითა და იმუნოდეპრესანტებით მკურნალობამ მუკორმიკოზის ინფექციის, იგივე  შავი სოკოს, განვითარება განაპირობა, რაც, ხშირ შემთხვევაში, ლეტალურად სრულდება.

ინფექციის შემთხვევები გაიზარდა ინდოეთის მეზობელ სახელმწიფოებშიც. ინდური შტამის გავრცელების პრევენციისთვის, პაკისტანსა და ბანგლადეშში ლოკდაუნი გამოცხადდა.

ინდური შტამი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შემაშფოთებელი ვირუსის კვალიფიკაცია მიანიჭა, ვრცელდება ევროპის კონტინეტზეც, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 000 ადამიანი დაინფიცირდა.

დღის ამბები