03 სექტემბერი 2026,   13:44
ვრცლად
"წყალი მარგებელში" გაფიცვა გრძელდება - სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მუშაობას არ აპირებენ

გაფიცვა გრძელდება "წყალი მარგებელში" - სადისტრიბუციო კომპანია "ენგადის" მძღოლები და დისტრიბუტორები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მუშაობას არ აპირებენ. მოთხოვნაა - გაიზარდოს ხელფასი და გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები. პირველი განცხადებები უკვე გაკეთდა კომპანიაშიც.

ჰოლდინგში აცხადებენ, რომ გაფიცულ თანამშრომლებს, წესით, პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან მათი ანაზღაურება შეადგენს 1100 ლარს, ასევე ისინი სარგებლობენ შვებულებით და მათი შრომითი პირობები არის იდეალური. შესაბამისად, უკვირთ, თუ რატომ და რამ გამოიწვია ეს პროტესტი.

"გასაგებია, ეს მარტო მათი ტკივილი არ არის, სავარაუდოდ, ამ ქვეყანაში, არამედ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე ყველაზე აისახება. გავაგრძელებთ კომუნიკაციას, შევეცდებით, რომ გამოიყოს იქიდან საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც გავესაუბრებით. ჩვენც აუცილებლად უნდა გადავხედოთ ჩვენს შესაძლებლობებს. დღეს დილით დამდგარ ფაქტზე ყველაფერზე პასუხს ახლა ვერ გაგცემთ," - აცხადებს "მარგებელი ჰოლდინგის" ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჭკუასელი.

მიუხედავად ამისა, ისინი მოუწოდებენ გაფიცულ თანამშრომლებს, რომ ჩამოაყალიბონ საინიციატივო ჯგუფი, რომელთანაც გამართავენ შეხვედრას და პუნქტობრივად გაივლიან იმ საკითხებს, რომლებიც გაფიცულთათვის არის პრიორიტეტული.

აღნიშნულს მეორე მხარე, გაფიცულები, ცინიზმს უწოდებენ. ამბობენ, რომ ისინი არიან ცუდ პირობებში, მათი ხელფასი შეადგენს 600 ლარს, ასევე, მათ არ აძლევენ სასმელ წყალს და ამაშიც თანხის გადახდას სთხოვენ. შესაბამისად, ისინი ამბობენ, რომ აქციებს გააგრძელებენ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი 18:00 საათის შემდეგ უკვე დატოვებენ ტერიტორიას, მაგრამ ხვალ დილიდან შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.

"გაგრძელდება აქციები მანა, სანამ არ წამოვლენ ამ შეთანხმებაზე ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ამ გაფიცვას. "პროფკავშირები" ხვალ მოვლენ და ერთად დავიწყებთ მოლაპარაკებას უფროსებთან," - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.

დღის ამბები