ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, ნამოხვანჰესის პროექტი ისე მომზადა, გარემოს შესწავლა არ მომხდარა.
"ერთ-ერთი პუნქტი არის ჰიდრავლიკური მოდელირება, ეს არის ზუსტად რისკი დატბორვის არეალებისა და ეს არის კვლევა, რომელიც გაკეთებული უნდა ჰქონოდა კომპანიას, ვიდრე დიზაინს გააკეთებდა და მიიღებდა თუნდაც მოსამზადებელი სამუშაოების უფლებას, ის არ გაკეთდა 2018-2020 წლებში, არამედ დაიდო 2021 წელს აპრილში, ისიც ჩვენი საფუძვლიანი მოთხოვნის ფონზე.
ჩვენ ჩავატარებთ ონლაინ შეხვედრას, ეს არის ტექნიკური დეტალები და შესაბამისად სატელევიზიო ეთერში ეს მძიმე მოსასმენი და აღსაქმელი იქნება, თუ რა პრობლემები აქვს ამ კვლევასაც, გამყალბებლებიც გვყავს ბევრი.
თავისუფალი ვარდნის აჩქარებაში გამოიხატება მიწისძვრის სიმძლავრე, რომლითაც მოქმედებს ის ნაგებობაზე და ეს არის მთავარი პარამეტრი. როდესაც ამ მთავარ პარამეტრს დაბალ მიწისძვრაზე თვლი, მოდიხარ კავკასიაში და საერთოდ არ გაქვს კონტაქტი ლოკალურ მეცნიერებთან, არ იცნობ არცერთ ნამუშევარს და იყენებ ნამუშევრებს, რომელიც 21 წლის არის და ფაქტობრივად ახალი კვლევა არ ჩაგიტარებია, რაც საერთაშორისო სტანდარტით არის მოცემული, რატომ ფიქრობენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, ხმის ამომღები საქართველოში არავინ არ იქნებოდა,"- განაცხადა "დღის კურიერში" თეა გოდოლაძემ.