გურიის გუბერნატორსა და ოზურგეთის მერთან ფქვილის საწარმოს გაფიცული თანამშრომლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებიდან გამოსულების თქმით, კომპანიას თანამშრომლების შემცირება სურს, რაზეც ისინი არ თანხმდებიან. შეხვედრას ესწრებოდა პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტიც.
ფქვილის საწარმოში მომუშავე პირები ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას უკვე თითქმის ერთი კვირაა ითხოვენ.
"ჩვენ გვაჩერებენ 22 დღის მანძილზე. არაფერი არ შეცვლილა აქ არსებითი, ხან ეუბნებიან ამ ხალხს, ხან შემოდით და შეიძლება დავილაპარაკოთ, ოღონდ თუ 20 მუშა ხართ გაფიცული, შემოდით 10 და მოგემატებათ ხელფასი; ხან ეუბნებიან, რომ საერთოდ გაგყრით სულ ყველას და არავინ დაგიცავთ, უკანონოდ იქნებით და მსგავსი დაშინების ფორმით," - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა ვასო ნადირაძემ.