ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა მსვლელობა გამართეს. მოძრაობის "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" აქტივისტებმა იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გადაინაცვლეს, სადაც სოფელ საყულიაში დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. უწყება აცხადებს, რომ დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ, კანონმდებლობის შესაბამისად, იძულების ღონისძიება გამოიყენა.
შსს-სგან განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს დაკავებული ირაკლი მუკბანიანის ადვოკატი. ციცი ბაბუნაშვილის თქმით, საქმის მოწმეებად მხოლოდ პოლიციელები არიან დაკითხული, ამასთან, არ არსებობს გაფრთხილების ოქმები და პოლიციელები მხოლოდ ზეპირად აცხადებენ, რომ მათ მუკბანიანის ოჯახი გააფრთხილეს, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით პოლიციაში გამოცხადებულიყო.
"დაკავებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თავად ითხოვდა, რომ მე თვითონ დავაწყნარებ აღელვებულ ხალხსო. მოხდა მასზე ძალის გამოყენება, დააგდეს დაბლა, მიყენებული აქვს დაზიანება," - აცხადებს ცირა ბაბუნაშვილი.
ირაკლი მუკბანიანის ძმა აცხადებს, რომ არ არსებობდა სპეცრაზმის გამოყენების აუცილებლობა, რადგან მისი ძმა კანონდამრღვევი არაა. ბესიკ მუკბანიანის თქმით, მისი ძმის დაკავებისას სპეცრაზმმა ადგილობრივების წინააღმდეგ გამოიყენა როგორც რეზინის ტყვიები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიც.
მოძრაობის "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი პოლიციელთან დაპირისპირების ფაქტს არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ არ მისცემენ საშუალებას პოლიციას, ირაკლი მუკბანიანს სხვა დანაშაულები დააბრალონ.
"არავინ უარყოფს და საზოგადოებამ ნახა პოლიციელის მისამართით მოქნეული ხელი, რა თქმა უნდა, ამას წინაპირობა ჰქონდა, რომ პოლიცია გამოირჩევა განსაკუთრებით აგრესიით. ეთქვათ ჩემთვის ან რომელიმე ორგანიზატორისთვის, რომ იბარებდნენ ირაკლის პოლიციაში და მათ არ დასჭირდებოდათ 3 მიკროავტობუსი სპეცრაზმის გაგზავნა. ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე და არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ეს პროცესი გამოიყენოს ისე და დააბრალონ ადამიანს ის, რა ნაწილშიც მას არანაირი დანაშაული არ მიუძღვის," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მუკბანიანის დაკავების დროს დაშავებულ პირებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ექიმის განცხადებით, მათ კლინიკას თვითდინებით მიმართეს და განაცხადეს, რომ დაზიანებები ხარაჩოდან ჩამოვარდნის შედეგად მიიღეს. სამედიცინო დაწესებულების მხრიდან შესაბამისი სამსახურები იქნა გამოძახებული, რომლებმაც აღნიშნული პირები გამოკითხეს.