პროკურატურასთან აქციაზე დაკავებული ცხრა პირიდან ხუთი პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, დანარჩენი ოთხი კი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.
"მოთხოვნა იყო, რომ ელენე ხოშტარია, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის წევრია და უფლება აქვს, ნებისმიერ შენობაში შევიდეს, არათუ მთავარ პროკურორს, არამედ რომელიმეს შეხვედროდა. ამაზე მივიღეთ უარი. შემდეგ თვითონ დაძაბეს ხელოვნურად, როდესაც დაიჭირეს გიგა მაქარაშვილი, შემდეგ კი კოკა-კოლის ასაღებად რომ წავედი, დამიჭირეს მეც.
173-ე მუხლი ჩამიწერეს, რომელიც ითვალისწინებს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მაგრამ არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა. ხელწერილის საფუძველზე გამომიშვეს, რადგან რეალური საფრთხე არსებობდა, რომ ეს ხელი ღამით შეიძლება გასივდეს და გართულდეს,"-აცხადებს ერთ-ერთი დაკავებული, სამოქალაქო მოძრაობა ”შეცვალეს” წევრი ნიკა ფარულავა.
შეგახსენებთ, რომ გენერალურ პროკურატურასთან ელენე ხოშტარიას მოძრაობა "დროას" და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა პროკურატურის შენობაში შესვლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.