28 აპრილი 2024,   00:40
ვრცლად
ბელარუსში საპროტესტო აქციების წინააღმდეგ დამსჯელ ზომებს აძლიერებენ - ევროპარლამენტარები ლუკაშენკოსა და პუტინის მიმართ სანქციების გამკაცრებას ითხოვენ

ბელარუსში საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ან საჯარო მოხელის შეურაცხყოფა პატიმრობით დაისჯება. კანონს ხელი ლუკაშენკომ მოაწერა. 4-წლიანი პატიმრობით დაისჯებიან პირები, რომლებიც როგორც დადგენილებაში წერია "სახელმწიფოს დისკრედიტაციისთვის ყალბ ინფორმაციას" გაავრცელებენ. ევროკავშირი მინსკის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს, განცხადებები ევროპარლამენტში გაკეთდა.

"ევროპულმა საბჭომ მოახდინა სანქციების ინიცირება და პირველად, ჩვენ გადავწყვიტეთ ეს იყოს თარგეთირებული ეკონომიკური სანქციები. ინდივიდების და კომპანიების სია, მათი ჩათვლით, ვინც "რეინ ეარის" ინციდენტის უკან დგას, მზად არის დასამტკიცებლად და პროცედურების გავლით დამტკიცდება ამ დღეებში. გამოვაქვეყნეთ სამი მილიარდი ევროს ეკონომიკური დახმარების პაკეტი, რაც ბელორუსი ხალხის დაიმედების და დახმარების გზავნილია, რომ მათი ქვეყანა გახდეს უფრო წარმატებული, როცა ისინი დაუბრუნდებიან დემოკრატიულ სისტემას," - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელ ფონტელი.

ესტონელი ევროპარლამენტარი ურმაეს პაეტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის რეაქცია ნელია და ლუკაშენკო ამით სარგებლობს:

"რუსეთი მხარს უჭერს ბელარუსს და დანარჩენ მსოფლიოს ეს არ ადარდებს. ლუკაშენკო ხედავს, რომ მსოფლიოს და მათ შორის, ევროკავშირის რეაქცია ნელია, მან საკუთარი მოსახლეობის რეპრესიებიდან უკვე ევროპული თვითმფრინავების გატაცებით გააგრძელა. სად არის რეალური სანქციები? ევროკავშირი ძალიან ნელა მოქმედებს დიქტატორის წინააღმდეგ. რას ველოდებით?"- განაცხადა ურმაეს პაეტიმ.

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ლუკაშენკოს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებს:

ალექსანდრე ლუკაშენკო არალეგიტიმური პრეზიდენტია, რომელიც უფრო და უფრო ძალადობას საკუთარ მოსახლეობაზე. ამას ყოველდღე ვხედავთ, ბევრი დაკავებული, რომლებიც საპატიმროში არიან, თვითმკვლელობასაც კი ცდილობენ. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამაზე რეაგირება. ასევე არის საგარეო ფაქტორი, ჩვენ ვხედავთ ლუკაშენკოსა და მეორე დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის თანამშრომლობას, - აღნიშნა ანა ფოტიგამ.

საერთაშორისო კონფერენციის ინიცირებასა და საერთო გზავნილის აუცილებლობაზე საუბრობს პოლონელი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი:

სასწრაფოდ უნდა იქნეს ინიცირებული საერთაშორისო კონფერენცია ბელარუსზე, რომლის მიზანიც იქნება საერთაშორისო ტრიბუნალის ინიცირება ლუკაშენკოს დანაშაულებების საქმეზე. 16 ივნისს ბაიდენის და პუტინის შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა, რომ პუტინის რეჟიმს გადავცეთ ერთიანი გზავნილი მთელი დასავლური სამყაროდან, ხელი გაწიოს ბელარუსისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება სანქციები, - განაცხადა ანრდრიუს კუბილიუსმა.

პოლონელი ევროპარლამენტარი პატრიკ იაკი ამბობს, რომ ლუკაშენკოს პუტინი აძლიერებს, თავად პუტინის გაძლიერებას კი ევროპის ზოგიერთი ქმედება უწყობს ხელს, მათ შორის, "ნორდ სტრიმ2-ის" მშენებლობაც:

"საქმე არაა ლუკაშენკოში, საქმეა მის დამცველთან, პიროვნებასთან, ვინც მას ამ ძალას აძლევს და საქმე ეხება რუსეთს. პუტინი გაძლიერდა თქვენი ქმედებებით. აქაც, პარლამენტშიც, არიან ისეთები, ვინც მას აძლიერებს, არ დაგავიწყდეთ, თქვენ აშენებთ ნორდ სტრიმ 2-ს," - განაცხადა პატრიკ იაკმა.

 

 

დღის ამბები