საოკუპაციო რეჟიმი უკანონო ქმედებებს განაგრძობს. ამჯერად, სოფელ კირბალის მკვიდრი, 60 წლის გერონტი პაპიტაშვილი ჰყვება, თუ როგორ გააჩერეს ის რუსმა ოკუპანტებმა და ამის შემდეგ ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს.
მისი განცხადებით, ის სალოცავთან ახლოს იმყოფებოდა, სადაც საქონელი საძოვარზე ჰყავდა გაყვანილი, რა დროსაც მასთან რუსი სამხედროები მივიდნენ და უთხრეს, რომ ტერიტორია მათი ეკუთვნოდათ.
გერონტი პაპიტაშვილის თქმით, ოკუპანტებმა ის ჯერ გამოჰკითხეს, შემდეგ კი გაუშვეს.
"თავიდან სამნი იყვნენ, შემდეგ კიდევ სამი მოვიდა. წამიყვანეს, თავიანთი ტრაფარეტი უყენიათ, იქ დაჯექიო, დაელოდეო, დავრეკავთ და წაგიყვანენო. ქვევით ვიყავით საქონელთან, მოგვიარეს და დაგვიჭირეს, ჩვენია ეს ტერიტორია, ზემოთ არ ამოხვიდეთო.
ის ტრაფარეტი სალოცავიდან დაახლოებით 300 მეტრშია, ტრაფარეტის დაბლა ჩამოვიდნენ. ზოგადად, ხშირად ხდება," - ამბობს გერონტი პაპიტაშვილი.