ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის მმართველად გუშინ დაინიშნა, უკვე ადგილზე იმყოფება. ბოდბელ ეპისკოპოსს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ჯერჯერობით უცნობია რა გეგმები აქვს ახალ მმართველს მათ შორის თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ცვლილებების მიუხედავად ჯერ კიდევ ღიად რჩება სახალხო დამცველის პანსიონში დაშვების საკითხიც.
"დოკუმენტაციებს გავეცნობი ამ დღეების განმავლობაში, უცბად გასაცნობი არაა, ჯერ შიდა გაცნობა მიდის, ბავშვების გაცნობა, პერსონალის გაცნობა. შეხვედრა მექნება ძალოვან სტრუქტურებთან, თუ რამე საქმე იციან, ვნახავ, თუ რამე დარღვევებია. რეალური იმიდან... რასაც ლაპარაკობს ყოველი ადამიანი, მაგაზე რეაგირებას ვერ გავაკეთებ, რეალური რაც იქნება აუცილებლად მივიღებ ზომებს," - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა.
შეგახსენებთ ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიამ და არასამთავრობო სექტორმა გაავრცელა, პანსიონში მონიტორინგისთვის დაშვებას რამდენიმე წლის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა სახალხო დამცველიც.
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე გაირკვა, რომ სამართალდამცავ ორგანოებში პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 4 საქმეა აღძრული, მათ შორის ძალადობისა და გაუპატიურების სავარაუდო ფაქტებზე.
ბავშვთა უფლებადამცველების საჩივრის საფუძველზე, სასამართლომ პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ამ ეტაპზე პანსიონი ბავშვების უმრავლესობამ დატოვა. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პანსიონების მცირე საოჯახო ტიპის სახლებად გადაკეთების პროცესი.
მიუხედავად იმისა, რომ სხალთელი მიტროპოლიტი პანსიონში არსებულ პრობლემებსა და ძალადობის ფაქტებს უარყოფდა, ის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით მთავრესპიკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა ჩაანაცვლა.