ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული თეატრი მოსკოვურ გასტროლზე მიდის. ირკვევა, რომ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დასს სპექტაკლთან ერთად, ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში შეხვედრებიც ექნება. სპექტაკლს კი ქართველი მსახიობები რუსი მაყურებლისთვის "მოს სოვეტის" სცენაზე ითამაშებენ.
კრიტიკულ შეფასებებს, რომელიც თეატრის დაგეგმილ გასტროლებს მოჰყვა, მსახიობებმა და თეატრის ადმინისტრაციამ უპასუხეს:
"ის მაყურებლები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ, სამწუხაროდ, თეატრში არ შემოდიან და არც იციან თეატრი რა არის. საქართველოს თუ რაღაცა სჭირდება, სჭირდება ის ურთიერთობა, რაც ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს დაგვიბრუნებს უკან. ჩვენ იქ შეხვედრებიც გვაქვს დაგეგმილი. კონკრეტულად არ გეტყვით ვისთან. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ კრემლში მივდივართ და პუტინს უნდა შევხვდეთ, ძალიან გეშლებათ," - აცხადებს თეატრის დირექტორი გიორგი თევზაძე.
რუსთაველის თეატრის მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი ამბობს, რომ სულ სხვა პოზიცია ექნებოდა, თუ დასი რუსეთის ხელისუფლების მოწვევით გაემგზავრებოდა მოსკოვში, ამჯერად კი ფესტივალზე მისი კოლეგების წასვლაში პრობლემას ვერ ხედავს:
"მე პირადად არ მივემგზავრები, იმიტომ რომ მე არ ვმონაწილეობ იმ სპექტაკლში, მაგრამ რომ ვმონაწილეობდე, წავიდოდი. რუსთაველის თეატრი კრემლში კი არ ჩადის პუტინისა და დუმის დეპუტატებისთვის სათამაშოდ. ჩადის ჩვეულებრივი ხალხისთვის. სულ სხვა იქნებოდა, რომ ყოფილიყო მოწვევა კრემლიდან, სულ სხვა პოზიცია მექნებოდა," - აცხადებს მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი.
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში მიემგზავრება, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პირველი არხი ავრცელებს. ფესტივალში მონაწილეობას დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იღებენ.
რობერტ სტურუა და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული თეატრი მოსკოვში წარდგებიან სპექტაკლით "თამაშის დასასრული", რომელიც სამუელ ბეკეტის პიესის მიხედვით შეიქმნა.
ავტორი: მარიამ ჯანელიძე