02 სექტემბერი 2026,   14:06
ვრცლად
ჩვენ სერიოზული სირთულეების წინაშე ვდგავართ, ევროკავშირში პოლიტიკური ლიდერობის ნაკლებობაა, ეს ძალიან ბიუროკრატიული სისტემაა - პიტერ მადიარი

ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშეა და მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. მან ასევე გააკრიტიკა მიგრაციული პოლიტიკის გამო, ბრიუსელის მხრიდან უნგრეთისთვის დაკისრებული ყოველდღიური ფინანსური სანქციები. უნგრეთის პრემიერი მას უსამართლოდ მიიჩნევს.

"ჩვენ სერიოზული სირთულეების წინაშე ვდგავართ. ევროკავშირში პოლიტიკური ლიდერობის ნაკლებობაა. ეს ძალიან ბიუროკრატიული სისტემაა.

ევროპული საბჭოდან ერთ-ერთმა კოლეგამ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ დამეჭირა საქმე და მათთვის პასუხი არ გამეცა, რადგან მიტხრა რომ ისინი მოგვკლავენ და შეგვჭამენ და ეს კარგი ნიშანი ნამდვილად არ არის. ვიცი, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის მეტი უფლებამოსილების მოპოვებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. ბრიუსელშიც კი უკვე ჩნდება განწყობა, რომ ცვლილებები აუცილებელია. ჩემი აზრით, საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ და გადავწყვიტოთ, ევროკავშირს მხოლოდ გადარჩენა სურს თუ გამარჯვება. უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ. არსებობს სასამართლოს ვერდიქტი, რომლის გამოც ყოველდღიურად 1 მილიონ ევროს ვიხდით უბრალოდ იმის გამო, რომ ევროპის საერთო საზღვრებს ვიცავთ. ეს უსამართლობაა და ამ საკითხის გადაჭრაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს," - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პიტერ მადიარი.

დღის ამბები