რუსთაველის თეატრის მიერ რუსეთში დაგეგმილ გასტროლს სახელოვნებო წრეებში ეხმაურებიან. მათი თქმით, როდესაც თეატრს ეროვნულის სტატუსი აქვს, ის, თავისთავად, უკვე გამოხატავს სახელმწიფოს პოზიციას, შესაბამისად, ეროვნული სტატუსის მქონე თეატრის ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტი მიუღებელია:
"როდესაც ეს არის სახელმწიფო დაფინანსებაზე დამოკიდებული თეატრი, ზოგადად, ე.ი. სახელმწიფო პოლიტიკა არ არის ჩამოყალიბებული ამ კუთხით და ეს არის პირადად ჩემთვის ძალიან გულსატკენი მოვლენა. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს მკაფიო. ამდენი წელიც უნდა ყოფილიყო და ასეთი შემთხვევები არ გვექნებოდა, "- აღნიშნა მომღერალმა ქეთათო ჩარკვიანმა.
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში მიემგზავრება, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პირველი არხი ავრცელებს. ფესტივალში მონაწილეობას დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იღებენ.
რობერტ სტურუა და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული თეატრი მოსკოვში წარდგებიან სპექტაკლით "თამაშის დასასრული", რომელიც სამუელ ბეკეტის პიესის მიხედვით შეიქმნა.
ავტორი: მარიამ ჯანელიძე