19 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
დიდი ოდენობით სოციალური დახმარების მითვისებისთვის ერთ-ერთი დაკავებული ეჭვობს, რომ მისი სახელით თაღლითურ სქემაში სხვა მონაწილეობდა

პანდემიის პირობებში დაწესებული, დიდი ოდენობით სოციალური დახმარების მითვისების ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებული ეჭვობს, რომ მისი სახელით თაღლითურ სქემაში სხვა მონაწილეობდა.

საუბარია, სუს-ის მიერ დაკავებული 3 პირიდან ერთ-ერთზე, საბურთალოს რაიონში, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეზე. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულთან კავშირებს უარყოფს. 

"ერთადერთი იმას იხსენებს, რომ მეგობარმა მას საბანკო ბარათი სთხოვა, რადგანაც ამ მეგობარს ანგარიში დაყადაღებული ჰქონდა. ამ ეტაპზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, სავარაუდოდ დუმულის უფლებას გამოიყენებს,"- აცხადებს დაკავებული თამაზ შოშიტაშვილის ადვოკატი დიანა მარტიაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სამი დაკავებული პირის დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. გამოძიებას, ბრალის წარდგენისთვის 48 საათი აქვს. ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, პანდემიის გამო დაწესებული 200 ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მიღებისათვის ინდმეწარმემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, ორგანიზება გაუწიეს რამდენიმე ათეული პირის მობილიზებასა და მათთვის დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადებას. მონაცემები თაღლითურმა ჯგუფმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარადგინეს და 10 200 ლარი მიითვისეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები