1-ლი ივლისიდან, იუსტიციის სახლების თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიაზე თქვა. მან ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გადაუხადა.
მისივე თქმით, სულ მალე დაიწყება ახალი პროექტი - მობილური იუსტიციის სახლი, რაც გულისხმობს იმას, რომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსებით ადგილზე მიაწვდიან იუსტიციის სახლის ყველა სერვისს.
ამ წუთებში, გარდაბანში იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს. ცერემონიას პრემიერი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. გარდაბნის იუსტიციის სახლი რიგით 26-ეა.