"კურიერმა" ამერიკაში ყოფილი პრემიერის ჩაწერა მოახერხა. გიორგი გახარია ადასტურებს, რომ იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი.
ოპოზიციაში გადასული ყოფილი პრემიერი კატეგორიულად უარყოფს ნაციონალურ მოძრაობასთან მის რაიმე კავშირს და აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" ისევე რომ ებრძოლა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, როგორც მის პოლიტიკურ ძალას ებრძვის, ქვეყანაში სხვა რეალობა იქნებოდა.
"დიდხანს გვეძებდით? იმ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, იქ შევიკრიბეთ, ჩვენ სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით. მეორე დღეს უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში, ჩვენ გადაკვეთა არანაირი არ გვქონია ... საერთოდ ეს არასერიოზულია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, ლოჯისტიკურად სხვა სასტუმროში, მისვლა-მოსვლისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი, იქ უბრალოდ ჩვენ შევიკრიბეთ. ერთი რამე გაითვალისწინეთ, ამის უკან საერთოდ არაფერი არაა და შეხვედრაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, არ არის ეს სწორი. არაფერი დასამალი არ მაქვს, არაფერი საერთო "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ მაქვს და უფრო მეტსაც გეტყვით "ქართულ ოცნებას" წლების განმავლობაში ისეთი ჟინით რომ ებრძოლა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის, დღეს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა," - განაცხადა გიორგი გახარიამ
ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე დეტალურ საუბარს გიორგი გახარია თბილისში დაბრუნების შემდეგ აპირებს.
"საუბარი იყო ყველა თემაზე, როგორც წარსულთან, ასევე მომავალთან დაკავშირებით. მაგრამ ძირითადად ჩვენს პარტნიორებს აინტერესებთ ჩვენ როგორი ხედვა გვაქვს მომავლის. ადმინისტრაციაშიც გვქონდა შეხვედრები, უშიშროების საბჭოშიც. ჩამოვალ და ყველაფერს მოგიყვებით. ყველა ვინც რაიმე სახით საქართველოსთან არის დაკავშირებული ფორმალური თანამდებობის ნაწილში ან კვლევის ნაწილში, ან საქართველოს მეგობარია, ყველასთან გვქონდა შეხვედრები და ძალზედ ნაყოფიერი,"- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
"კურიერის" ინფორმაციით, გიორგი გახარია აშშ-ში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება და საქართველოში ის კვირის ბოლოსთვის დაბრუნდება.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ყოფილი პირველი პირები ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდნენ. ჩვენმა კამერამ ექსკლუზიურად გადაიღო კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სწორედ ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო "მეი-ფლაუერში" იყო მიხეილ სააკაშვილიც. გახარიას ამავე სასტუმროში ყოფნას ადასტურებს ვაშინგტონში მყოფი თინათინ ბოკუჩავაც. კადრებში მიხეილ სააკაშვილის მისვლის პარალელურად, ფიქსირდება გახარიას დაცვის წევრი გიორგი ჩიქოვანიც.