19 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
"აჭარა ტექსტილის" დირექტორი პერსონალის ინტოქსიკაციას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ უმრავლესობა პანიკას აჰყვა 

"აჭარა ტექსტილის" დირექტორი გია ლომინაძე ფოთში მომუშავე პერსონალის საკვებით მოწამვლის ფაქტს ადასტურებს. თუმცა, მისივე განცხადებით, თანამშრომელთა უმრავლესობა პანიკას და შიშს აჰყვა და სწორედ ამიტომ გახდნენ შეუძლოდ.

ადგილზე სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

"კომპანიაში ყოველდღიურად მიმდინარეობს საკვებით უზრუნველყოფა ჩვენი დასაქმებულების. ჩვენ გვყავს დაქირავებული კომპანია, ვისთანაც გვაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა და ვინც გვაწვდის საკვებს.

რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მაგრამ, პირველადი მონაცემებით, ვარაუდი არის ის, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო საკვები, მაგრამ მინდა აღვნიშნო ის, რომ 1 500 ადამიანია ამ კონკრეტულ საწარმოში დასაქმებული და მხოლოდ 15 თუ 17 ადამიანია გადაყვანილი საავადმყოფოში.

აქედან გამომდინარე, ზუსტ ანალიზს ვერ ვაკეთებთ რა შეიძლება ყოფილიყო გამომწვევი მიზეზი ამ ფაქტისა. დაველოდებით შესაბამისი სამსახურების დასკვნებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს საწარმოში მაქსიმალურად არის დაცული ყველაფერი," - განაცხადა "აჭარა ტექსტილის" დირექტორმა, გია ლომინაძემ.

შეგახსენებთ, ფოთში, "აჭარა ტექსტილის" 20-ზე მეტი თანამშრომელი მოიწამლა. მოწამლული თანამშრომლები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. მათ შესაბამისი კვლევები და სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

"აჭარა ტექსტილში" მომუშავე პერსონალი კვებას დღეში ერთხელ იღებდა. სავარაუდოდ, მოწამვლა კვებითმა ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

დღის ამბები