მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.
ბრალდების მხარის განმარტებით, ყიფიანის მხრიდან როგორც მიმალვის, ასევე ხელახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე არსებობდა. ამასთან, ბრალდებული იცნობს საქმეში დაკითხულ არაერთ მოწმეს და შესაძლოა ამ მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 25,236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღების ორგანიზება) წარედგინა.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ექვსი პირის მიმართ გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დანაშაულში შესაძლო ჩართულ სხვა პირებთან მიმართებაში გამოძიება გრძელდება.