საქალაქო სასამართლოში ვატო ყიფიანის პროცესი დასრულდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა, რომელიც ყიფიანის მიმალვის ან ახალი დანაშაულის საფრთხეზე მიუთითებდა.
ბრალდებას აბსურდულს უწოდებს უკანონოს დეპორტირებული ვატო ყიფიანი, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში ვახტანგ წულუკიძე გახდა. მან სასამართლოში სიტყვით ისარგებლა და თქვა, რომ აეროპორტში სამართალდამცველებმა 8 საათის განმავლობაში დააყოვნეს და ქვეყნის დატოვების ულტიმატუმი წაუყენეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაკავებით ემუქრებოდნენ.
ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების ბრალდებაში ის თავს სრულად უდანაშაულოდ მიიჩნევს.
"დამხვდნენ გამოსასვლელთან და მეუბნებოდნენ წადი, თუ არ წახვალ დაგიჭერთო და ნუ არ წავედი რა. ამ საქმეზე მე ჩვენება მაქ მიცემული და უცებ ორ საათში გადაწყვიტეს, რომ თურმე მე ამ საქმეზე დასაჭერი ვარ,"- ვატო ყიფიანი.