საზარელი მკვლელობა ათენის ციხეში - ქართველმა ქართველი მოკლა. ინფორმაციას ფლობს ქართული სათვისტომოც ათენში. საბერძნეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელი ავთანდილ გიუნაშვილის განცხადებით, ადგილზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება, რომლის გადამოწმებასაც საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით ცდილობს.
"ჩვენ არავითარ დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ ამ ეტაპზე. ველოდებით საქართველოს საელჩოსგან ან საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დადასტურებას, ვინაიდან ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია, მით უმეტეს ახლა ისეთი საინფორმაციო ფონია შექმნილი, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს აწყობდეთ, რომ ასეთი ფაქტის შესახებ გავრცელდეს არასწორი ინფორმაცია," - განაცხადა ავთანდილ გიუნაშვილმა "კურიერთან" სატელეფონი საუბრისას.
პროცესებში აქტიურად არის ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო.
"საკონსულო საქმის კურსშია ამ ტრაგიკული ფაქტის შესახებ. მუდმივ კონტაქტზეა ციხის ადმინისტრაციასთან და კომპეტენციის ფარგლებში ჩართულია სხვადასხვა პროცედურებში," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ "კურიერისთვის" მოწოდებულ ინფორმაციაში.
"კურიერმა" მოკლულის ვინაობაც გაარკვია და მის მეუღლეს ესაუბრა, თუმცა მისი თხოვნით "კურიერი" სახელისა და გვარის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
ცნობისთვის, პატიმარმა პატიმარს სასიკვდილო დაზიანებები ხელნაკეთი ბასრი საგნით მიაყენა, პირველადი დახმარება ექიმებმა პაციენტს ადგილზე აღმოუჩინეს, რა დროსაც გულის შეტევა განუვითარდა და ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სასტიკი მკვლელობის დეტალებზე ბერძნული პრესა წერს, მაგრამ უცნობია რა გახდა მამაკაცებს შორის დაპირების მიზეზი. მკვლელი, ბერძნებისთვის კარგად ნაცნობი კრიმინალია. დავით მურთინელის სახელს ცნობილი მსახიობის მკვლელობაც უკავშირდება.