სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, თბილისში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ინსპექტირებისას სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებაში განხორციელებული კონტროლის ღონისძიების შედეგად დადასტურდა, რომ აფთიაქი ახორციელებდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით.
უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული 1 489 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის.