29 აგვისტო 2026,   13:44
ვრცლად
კოვიდის დიაგნოზი წელს საგამოცდო სივრცის გარეთ აღმოჩენის საბაბი არ იქნება - ხვალიდან ეროვნული გამოცდები იწყება

ხვალიდან ეროვნული გამოცდები იწყება - საგამოცდო ცენტრმა და განათლების მინისტრის მოადგილემ მედიას ერთ-ერთი საგამოცდო სივრცე დაათვალიერებინეს, რომელიც ხვალ აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მიიღებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე ამბობს, რომ აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ საგამოცდო ბარათი და პირადობის მოწმობა.

"ცენტრები სრულ მზადყოფნაშია და ხვალიდან უკვე დავიწყებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

რაც შეეხება იმას თუ რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა, პირველ რიგში, აუცილებლად კარგად დააკვირდნენ საგამოცდო ბარათს, რომ ზუსტად ნახონ მისამართი და ცენტრში გამოცხადების დროც. აუცილებლად თან უნდა იქონიონ საგამოცდო ბარათი და პირადობის მოწმობა," - აცხადებს სოფო გორგოძე.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ამბობს, თუ აბიტურიენტებს თერმოსკრინინგისას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ და თან არ ექნებათ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ამ შემთხვევაში აბიტურიენტები ცალკე სივრცეში განთავსდებიან.

"ჩვენ დღეს დავათვალიერეთ საგამოცდო სივრცეები, რომელიც მოწყობილია იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც შემუშავდა უწყებათაშორისი თანამშრომლობით ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად.

თერმოსკრინინგის დროს თუ დაუფიქსირდათ მათ მაღალი ტემპერატურა და არ ექნებათ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი თან, ამ შემთხვევაში ისინი ცალკე სივრცეში განთავსდებიან.

მიზეზი - კოვიდის დიაგნოზი არ იქნება წელს საგამოცდო სივრცის გარეთ აღმოჩენის საბაბი," - აცხადებს ნუნუ მიცკევიჩი.

დღის ამბები