უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მოქმედი ადვოკატი, პაატა შავაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე მესამედ არ გამოცხადდა.
მართლმსაჯულების კოალიციის Facebook გვერდზე - "მინდა ვენდო სასამართლოს" განთავსდა ქარდი, რომელიც საზოგადოებას აცნობდა, რომ კანდიდატი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა. ქარდზე კომენტარი დაწერა GDI-ს კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორმა გვანცა წულუკიძემ, რის შემდეგაც მან ხმოვანი შეტყობინება პაატა შავაძისგან მიიღო.
პაატა შავაძე GDI-ის იურისტს მიმართავს, რომ მისი საქმე არაა, თუ სად მივა.
"შენ ხომ საქმე მეტი არაფერი გაქვს, ასეთ რაღაცებს აკვირდები და მერე ხლართავთ რაღაცებს. ბოდიში, რომ ვერ შეგატყობინე შენ და შენს დამქაშებს, ენჯეოშნიკებს, რომ ვერ მოვდიოდი. შენი საქმე არაა, სად წავალ და სად მოვალ, გამიგე ქალბატონო და შემდეგში გაითვალისწინე, და სხვებზე იქირქილე რაა..." - მიმართავს - მოსამართლეობის კანდიდატის ხმოვანი შეტყობინებით GDI-ის იურისტს.
თავის მხრივ, გვანცა წულაძე "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღარ გააგრძელებს პაატა შავაძესთან გასაუბრებას.
"ძალიან სამწუხაროა არის ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი არის მოქმედი ადვოკატი და იდეაში, იცავს სხვა ადამიანის უფლებებს. სამწუხარო იქნება, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააგრძელებს მასთან გასაუბრებას და გადაუდებს გასაუბრების პროცესს. იმიტომ რომ კარგად უნდა დაინახოს თვითონ საბჭომაც, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ვერანაირ მორალურ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს," - განაცხადა გვანცა წულუკიძემ "კურიერთან" საუბრისას.
ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება - ამ წუთებში საბჭო დიმიტრი გვრიტიშვილს უსმენენ. იქამდე კი გასაუბრება შედგა სამართლის დოქტორთან თამარ ალფაიძესთან.
"მე მირჩევნია, უზენაეს სასამართლოში გვრიტები არ შეფრინდნენ და შეფრინდნენ მტრედები," - განაცხადა თამარ ალფაიძემ.